24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც 11 მარტს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი კ.კ.-ზე დაეჯახა, დღეს დილით გარდაიცვალა. მას 5 თვის ორსული, 21 წლის ცოლი და დედ-მამა დარჩა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი 11 მარტს, სავარაუდოდ, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მორიგეობისთვის იყო გამოძახებული. პროტოკოლის მიხედვით, პოლიციელი გამოძახებას არ ექვემდებარებოდა, რადგან წინადღესაც მორიგე იყო, ზედიზედ ორი დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობაზე გამოძახების უფლება კი პოლიციის ხელმძღვანელობას არა აქვს.
ამის მიუხედავად, კ.კ.-ს გამოძახება არ გაუპროტესტებია, არც ის უთქვამს, რომ ნასვამი იყო და საკუთარი მანქანით გაემართა ზუგდიდისკენ. ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა დიდი სიჩქარით მოძრავმა პოლიციელმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე შევარდა და იქ მყოფი მურმან კალანდია მძიმედ დააზიანა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძოდა.