24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლებამ სწრაფად გადადგას ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად – არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, ისინი მზად არიან, სახელმწიფო ორგანოებს გადასცენ მათ მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტები, რომლებიც იმ პრობლემათა აღმოფხვრას ემსახურება, რომლებიც ევროკომისიამ დაასახელა.

„მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული გვექნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ.

ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას კანდიდატობის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, საქართველოს დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა, მედიაგარემოს გაუმჯობესება, ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოთ ხსენებულის საკითხების გადასაწყვეტად და დროულად გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა. ჩვენ ჩვენი მხრივ მზად ვართ, სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ, ჩვენ მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტები, რომლებიც სწორედ ამ პრობლემათა აღმოფხვრას ემსახურება“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიარც ომი იქნება და არც ნაცების რევოლუცია! – დიმიტრი სამხარაძე
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს