პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, განაჩენის გამოცხადება ხვალისთვის გადადო.

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძის სასამართლო დარბაზში გამოჩენას ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.

გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვს. სასამართლოსთან დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად დღეს დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

ბესიკ ტაკიძეს გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძრისას ხმელი ბალახი და ეკალბარდი დაიწვა