ომი რუსეთმა დაიწყო

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც დაკარგავდა ტერიტორიებს, არ ექნებოდა პოლიტიკაში ყოფნის უფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.

„ყველამ ერთად ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ გახლდით მინისტრი. მთელი ეს გამოწვევები, მთელი ეს მოლოდინები იყო ძალიან გონივრულად სამართავი და სახელმწიფოებრივად სამართავი. ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი გზავნილი იყო, რომ სურდა, ხალხი გაეერთიანებინა, ყველას პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ის არ დაყოფდა საზოგადოებას არც „ნაციონალებად“, არც „ოცნების“ მიმდევრებად და ა.შ. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური ​​სურვილი, მოწოდება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო.

მაგალითად, მე არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც არის სააკაშვილი ან სხვა ასე ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ ამ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ისინი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს, იგივე ომი, რომელზეც უბრალოდ, აღარ ვსაუბრობთ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არც ერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნებოდათ, არამედ, არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევაში ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, როდესაც რუსეთი ბომბავს, ყოფილი პრემიერი ასე პასუხობს – “მე გეტყვით მარტივად, როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, სახელმწიფოს მართავ და შენს ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და სახელმწიფო და არ დაკარგო ტერიტორიები, შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს”.

კითხვაზე, რუსული ჯარისთვის შემოძღოლაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას? ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა – “პრაქტიკულად, ასე შეიძლება ითქვას. ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების, ვიდრე იყო მანამდე, ეს შედეგია, საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ჩვენი შეხსენება ამას არ სჭირდება”.

ამასთან, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

“გეთანხმებით, ჩვენს ტერიტორიებზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ იქამდე როგორ მივედით, როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართა იმ გუნდმა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დაბრუნების პრეტენზია, მე ამ კონტექსტში შევეხე ამ თემას” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა TV პირველის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიაახლა არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და მთაწმინდაზე კენჭისყრას