ეკა ბესელია: “ის, რაც დღეს მოხდა, აკნინებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს”

ძალიან ცუდი საყურებელი იყო ეს ყველაფერი,” – ასე ეხმაურება ეკა ბესელია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის, რაც დღეს მოხდა, პარლამენტის რეპუტაციის შელახვაა.

„მე არ მომეწონა დღევანდელი კომიტეტის სხდომა. ძალიან ცუდი საყურებელი იყო. მე ვუყურებდი ამ კადრებს და ეს იყო ძალიან ცუდად საყურებელი. ყველაფერი ის, როგორც ვითარდებოდა ეს პროცესი და პირველ რიგში, ეს არის პარლამენტის რეპუტაციის საკითხი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ასეთი თემების მიმართ მას აქვს დამოუკიდებლობა, აქვს მზაობა და აქვს გახსნილობა და მოუსმინოს ადამიანებს. ის, რაც დღეს მოხდა, აკნინებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღევანდელი სხდომა, რომელზეც თიბისი ბანკის საქმე განიხილებოდა, ჩაიშალა. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა ისე დაასრულა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება აღარ მისცა ისევე, როგორც არ მიეცა საშუალება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, გაეკეთებინათ განცხადება.

„არ არის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ირაკლი კობახიძის შეფასებისას გააკეთა.
დეპუტატი მამუკა მდინარაძის შეფასებას არ იზიარებს, რომელმაც თქვა, რომ კობახიძე ერთ-ერთი საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარეა, რადგან მას ევროპის საუკეთესო კონსტიტუცია შექმნა.

ბესელიამ მდინარაძის პასუხად აღნიშნა, რომ სტანდარტებზე სხვა წარმოდგენა აქვს.

„არ არის კარგი თავმჯდომარე პარლამენტის იმიტომ, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში, სადაც მახსოვს და ვნახე და ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული იყო, როგორ მოიქცეოდა ის, როდესაც 10-კაციანი სია მიიღო იუსტიციის საბჭოდან. ვნახე, როგორ გადადო ბიუროს სხდომა და ელოდებოდა, იუსტიციის საბჭო როდის გამოაგზავნიდა ამ სიას. ვნახე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მკითხა, შეიძლება პროცედურით ჩაატაროთ სხდომაო, როდესაც რამდენიმე ადამიანი ვიყავით შეკრებილი პარტიის ოფისში და მე ვუთხარი, რომ არ იყო შესაძლებლობა სხდომის ჩატარების ბოლო კვირას, მახსოვს კობახიძის პასუხი, რომ კი, შეიძლებოდა ასეთი სხდომის ჩატარება,“ – ამბობს ბესელია.

ბესელიასთვის ასევე მიუღებელია კობახიძის შეფასებები, როდესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს „ფაშისტები“ უწოდა.

„როდესაც მოსამართლეთა ეს ჯგუფი თავს უფლებას აძლევდა და საკუთარ სურვილებს ასე ღიად ახმოვანებდა, მას პარლამენტის პირველი კანონმდებლის მხრიდან, მკაცრი და შეუვალი პრინციპული პოზიცია უნდა მიეღო, რაც არ ჰქონდა,“ – ამბობს ბესელია.

ეკა ბესელია საპრეზიდენტო არჩევნებზეც საუბრობს, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. ბესელიას თქმით, მოხარუალია, რომ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

ბესელიას თქმით, 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულება უბრალოდ დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნებს.

“არ მგონია, რომ ეს მოსყიდვა იყო. ეს იყო კარგი სოციალური აქცია… სჯობია, რომ არ დამთხვეოდა, ცოტა ადრე მომხდარიყო,” – ამბობს ბესელია.

https://youtu.be/tQB8HKirGtA

 

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: გვრიტიშვილის გარდა, ლევან მურუსიძეც ერთ-ერთი “ჯალათია”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ადგილი აქვს შერჩევით სამართალს