23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

 

 

1921 წლის 23 თებერვალი, შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:
შვილებო, ჩემო მოვალეობაა, რომ მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. აი, მე დღეს თქვენ იარღისკენ მოგიწოდებთ.

24 თებერვალი ზარბაზნების გრიალით გათენდა, 20 ნაბიჯს იქით აღარაფერი სჩანს, თოვლი გაწითლდა, გვამები მოძრაობას ანელებენ, ხელჩართული ბძოლები არ წყდება, ურა და ვაშა ერთმანეთში ირევა. 20 წლის იუნკრები ერთგული არიან თბილისის ქუჩებში ჩუმად დადებული ფიცისა: ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!

1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოზე აგრესია შენიღბულიყო. წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო ვითომ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული მუშების დასახმარებლად. აჯანყების ადგილად შეირჩა ლორეს ნეიტრალური ტერიტორია, რომელიც 1918 წლიდან საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო იყო. 1921 წლის 11 თებერვალს ლორეს რუსულ სოფლებში დაიწყო პროვოკაციული აჯანყება. წინასწარი გეგმის მიხედვით, 16 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ” საქართველოს რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)” რომელსაც ვითომ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მშრომელთა აჯანყებისთვის. რევკომში შედიოდნენ: ფილიპე მახარაძე (თავმჯდომარე), მამია ორხელაშვილი, შალვა ელიავა , საშა გეგეჭკორი, და სხვები . იმავე დღეს 16 თებერვალს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს, საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა რადგან წითელმა არმიამ საქართველოს საზღვრები 15 თებერვალს გადმოლახა.ხოლო საქართველოს რევკომის თხოვნა 16 თებერვალს გაიგზავნა.

საქართველოში შემოიჭრა სომხეთს და აზერბაიჯანში მდგარი XI წითელი არმია. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს კიდევ ორი მხრიდან შემოუტია სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და მამისონის უღელტეხილიდან ქუთაისისკენ . ძალები აშკარად არათანაბარი იყო, მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ თურქეთმა სამხრეთ დასავლეთ საქართველოში არტაანსა და ართვინში ჯარების შეყვანა დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ ეს ტერიტორიები დათმო. ასეთი ფართომაშტაბიანი აგრესიის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ომს მაინც არ უცხადებდა. რუსების დიპლომატია საქმეს ისე წარმოაჩენდა, თითქოს აჯანყებულებს რევკომი ხელმძღვანელობდა ხოლო XI წითელი არმია საქართველოში აჯანყებულთა დასახმარებლად იყო შესული.

1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ, თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის, სახალხო გვარდიის და მოხალისეების გმირული ბრძოლის შემდეგ, 20 თებერვალს მტერმა უკან დაიხია. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა. 22 თებერვალს მტერმა კვლავ შემოუტია თბილისს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა. 23 თებერვალს თბილისში თბილისის დაცვისთვის დაღუპულები დიდი პატივით დაკრძალეს . 24 თებერვალს კრიტიკული ვითარება შეიქმნა. მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები ელეოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და მთავარსარდალმა გიორგი კვენეტაძემ თბილისი დატოვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის XI წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის დატოვებამ ქართველების ბრძოლის სულისკვეთება შეარყია. საქართველომ დასავლეთ ევროპისგან დახმარება ვერ მიიღო, ამას ისიც დაერთო, რომ 1921 წლის 16 მარტს თურქები ბათუმში შევიდნენ და მოითხოვეს იქ მყოფი ქართული ჯარის განიარაღება. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლის შესახებ.

კოლაუ ნადირაძე
25 თებერვალი, 1921 წელი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

მართალია, საქართველოს მთავრობამ დატოვა ქვეყანა, მაგრამ ისინი ოკუპანტებთან შეთანხმების პოლიტიკას არ დასდგომიან. უფლებამოსილება არ მოუხსნია არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვი ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა .

1923 წელს, როცა კოტე აფხაზი და მისი ჯგუფი დაპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, სერგო ორჯონიკიძესთან მივიდა მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, დაუჩოქა და სთხოვა მას: სერგო, ხომ იცი კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისშვილია და შეუნარჩუნე სიცოცხლეო… სერგო როჯონიკიძის პასუხი კი იყო: ილია ჭავჭავაძის დისშვილი კი არა, ილია ჭავჭავაძე რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდითო…

1923 წლის 19 მაიის აჯანყების 15 მონაწილეს დახვრეტა მიესაჯა… პროცესზე არ ყოფილა არც ადვოკატი, არც პროკურორი და არც მოსამართლე. გადაწყვეტილებებს ეგრეთ წოდებული “ტროიკა” იღებდა… დახვრეტის წინ მათ “დიდება” საქართველო ჰიმნი უმღერიათ. კოტე აფხაზს უთქვამს: დაე, ეს ჩვენი ზვარაკად დაღვრილი სისხლი იყოს მომავალი საქართველოს განთავისუფლებსი საწინდარი.

20 მაისს, გამთენიისას დახვრიტეს:
გენერალი ანდრო ანდრონიკაშვილი
გენერალი ვარდენ წულიკუძე
გენერალი კონსტანტინე აფხაზი
პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი
პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი
პოლკოვნიკი დიმიტრი ჩდილელი
ოფიცერი ფარნაოზ ყარალაშვილი
ოფიცერი სიმონ მუხრან-ბატონი
ოფიცერი ლევან კლიმიაშვილი
ნიკოლოზ ზანდუკელი
იასონ კერესელიძე
სიმონ ჭიაბრიშვილი
ივანე ქუთათელაძე

სიკვდილს ყველა გმირულად შეხვდა. ცნობილია, რომ დახვრეტის წინ გენერალმა ანდრონიკაშვილმა მიმართა ჯალათებს: სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე, ძრწოდეთ, მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები იზდებიან…

banner
წინა სტატიაშისოფელ კირბალთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს
შემდეგი სტატია1921 წელს დაღუპულ იუნკერებს საქართველოს სუპერთასზე გაიხსენებენ