საერთო ჯამში 23 მილიონი გოგონა ვერ დაიბადა იმის გამო, რომ მათ მშობლებს ბიჭი უნდოდათ და ამიტომ ორსულობა შეწყვიტეს. შედარებისთვის: 23 მილიონი ადამიანი ეს ესპანეთის მოსახლეობის ნახევარია და თითქმის მთელი ავსტრალია. ეს ორჯერ ბევრია ბელგიისა ან კუბის მოსახლეობაზე და ოთხჯერ მეტი, ვიდრე დანიასა და ფინეთში – წერს “ბიბისის” კორესპნდენტი მეცნიერების საკითხებში ნიკოლოზ ვორონინი.
მოხსენება, რომელიც სელექციურ აბორტებს ეძღვნება, ამერიკის ეროვნულმა აკადემიამ მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა. მეცნიერებმა გააანალიზეს მსოფლიოში უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მიმდინარე აბორტები. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ბიჭები გოგონებზე მეტი იბადებიან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით 11 ქვეყანაში ჩანს, მათ შორის არის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. შემდეგ სიაში არიან ჩინეთი და ინდოეთი.
მშობლები გადაწყვეტილებას, ბავშვი მოიშორონ თუ არა, მას შემდეგ იღებენ, როცა ნაყოფის სქესს გაიგებენ.
ამიერკავკასიის ქვეყნებში აბორტების სელექცია 1991-1992 წლებიდან იწყება და ის ზოგადად, შობადობის კლებადობას დაემთხვა. ამავე დროს, საქართველოში მდგომარეობა უკვე გამოსწორდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი ისევ ფართოდაა გავრცელებული შერჩეული აბორტები. 2017 წლებში 100 ახალდაბადებულ გოგონაზე საშუალოდ 112-113 ახალდაბადებული ბიჭი მოდიოდა – “ბიბისი” წერს.