23 ივნისს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია დაიწყება

2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად დამატებითი ადგილები განსაზღვრონ.

უწყების ინფორმაციით, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება.

კერძოდ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში.

ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომი გახდება 22 ივნისს ვებგვერდზე: catalog.edu.ge.

დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას, ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.

„აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს 23-დან 25 ივნისის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე.

მესამე ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე მეოთზე ეტაპზეც. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაციის თხოვნით უნდა მიმართონ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიახალი კორონავირუსის გამო, საარჩევნო კოდექსში რამდენიმე ცვლილება შევა
შემდეგი სტატიაენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნა