კრემლის იმპერიალისტური და კოლონიალისტური ზრახვები მუდამჟამს მოღალატე და კარიერისტი პერსონების ბაზაზე იდგა და სადღეისოდაც ასეა

არსებობს სერიოზული საფრთხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრული თვითიზოლაციისა და აწ უკვე დეკლარირებულად რუსიფიკაციისა, რაც რენეგატი და რეზიდენტი რუსოფილების დაუცხრომელ მზაობას წარმოადგენს. კრემლის იმპერიალისტური და კოლონიალისტური ზრახვები მუდამჟამს მოღალატე და კარიერისტი პერსონების ბაზაზე იდგა და სადღეისოდაც ასეა.

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა სინოდსა და საპატრიარქოს სამდივნოში ლატენტური თუ გაცხადებული კირილისტების კონსპირაციული ჯგუფი არსებობს, რომელიც დღენიადაგ ოკუპანტი ქვეყნისა და “ველიკოძერჟავული” ეკლესიის დირექტივებით მოქმედებს, ეწევა “წმინდა რუსეთის” იდეის აგიტაცია-პროპაგანდას და საზოგადოების დეზორიენტირებას ახორციელებს.

რუსეთში გაზრდილ-აღზევებული მოსაყდრე შიო (მუჯირი), მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ბიზნესმენები: ლევან ვასაძე და ვანო ჩხარტიშვილი, მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი და მისი ფსევდოკულტურული წრე ყველაფერს აკეთებენ კონსტანტინეპოლის დისკრედიტაციისა და მარგინალიზებისათვის, თანაც საკმაოდ გროტესკულად, არაკვალიფიციურად და არაკომპეტენტურად მოქმედებენ, ყოველგვარი არგუმეტაციის გარეშე, სადაც სრულ იგნორირებას ახდენენ კანონიკური სამართლისა და ისტორიული საფუძვლებისა, რომლის თანახმადაც უკრაინის ეკლესიას აპრიორი და ეჭვგარეშე ეკუთვნის ავტოკეფალურობა!

დიდმპყრობელი და შოვინისტი რუსი მოხელეების მხარდამხარ დგომა აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ერთობ პარადოქსული და ცინიკური ბედის ირონიაა კირიონისა და ამბროსის ეკლესიის შვილთათვის! ეს არც მეტი არც ნაკლები საჯარო ლუსტრაციაა მათი, ვინც ყოველთვის იდეოლოგიზებულ რწმენას და “ზნეობასა და კონსერვატიზმს” ამოფარებულ КГБ-შნიკურ ნარატივს ტირაჟირებდა მრევლსა და საზოგადოებაში!

იმ შემთხვევაში თუკი ევქარისტიულ და ლოცვით ერთობაში არ შევალთ უკრაინის ეკლესიასთან, ამით რეტროსპექტიულად უარს ვეტყვით და დავგმობთ 1917 წლის საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც ივერიის ეკლესიის ნანატრი ავტოკეფალია გამოცხადდა, რომელსაც სხვათაშორის სწორედ კონიუქტურისა და რუსული აგრესიის შიშით საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება არ ჰქონია! ამდენად, ნუ წავალთ ჩვენივე ისტორიული გამოცდილების წინააღმდეგ და სამარცხვინო რიტორიკით (კომისია შეისწავლის და დაველოდებით სხვა ადგ. ეკლესიებსო) ნუ გამოვალთ!

ნუ მოიქცევით რუსეთის საეგზარქოსოსავით და ღირსებაზე მთლად უარს ნუ იტყვით! ეკლესია ჩვენც (საზოგადოება) ვართ და გაითვალისწინეთ ეს! არ ბნელა!

დიდება უკრაინის ეკლესიის მიზანსწრაფვას – “მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს”!-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ისრაელს სირიის სუვერენიტეტის “უხეშ დარღვევაში” დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაგერმანიამ უარი თქვა აღიაროს, რომ “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია