22-ე ბატალიონმა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ამის შესახებ ,,თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს ინფორმაცია.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. პროცესი საქართველოს, აშშ-ისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონისგან საბრძოლო დროშის მიღებით სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა. ცერემონიალის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტალი ცხადაძემ კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, 43-ე და 22-ე ბატალიონების პირადი შემადგენლობა დაესწრნენ. ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდნენ ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება “სოლიდის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილის განცხადებით ,,რუსთავი 2″ “თავზე ამხობს” ხელისუფლებას ყველაფერს”
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: რომც იყოს ეს პარტიული ტელევიაზია იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ