მე ამაზე არ გავჩერდები, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა მივა ამერიკის სენატამდე, ევროპარლამენტში – პაატა ბურჭულაძე

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში ფონდ იავნანას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელსა და ამ თემაზე გამოქვეყნებულ ფილმზე საუბრობს.

პაატა ბურჭულაძე მოქალაქე ანდრია გვიდიანის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის შესახებ ყვება. გვიდიანმა სარჩელი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ შეიტანა, რაც ფონდ იავნანას შესახებ მომზადებულ ფილმს უყურა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის დონე, ეს არის მისი გარემოცვა. ესენი ერთნაირად აზროვნებენ. აქ იკითხება მისი ტექსტები,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ამბობს, რომ სარჩელი ერთ დღეში მომზადდა და ის ერთ დღეში შეიტანეს პროკურატურაში.

მოქალაქემ პროკურატურაში ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დაკითხვისას მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რა ნახა ფილმში.

პაატა ბურჭულაძის თქმით, იავნანას წინააღმდეგ საქმის აღძვრიდან ერთი წელია გასული, თუმცა, საქმეში ვერაფერი ვერ ნახეს. ფონდ იავნანას დამფუძნებელი ამბობს, რომ პროკურატურას რამდენიმე გზა აქვს დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ რაღაც მოიფიქროს და ფონდს რაიმე დააბრალონ.

„ახლა პროკურატურას აქვს რამდენიმე გზა. პირველი არის ის, რომ რაღაცა მოიფიქროს და რაღაც დაგვაბრალოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ხომ კარგად იციან, რომ ისინი დაისჯებიან იმიტომ, რომ ამის მოფიქრება ასე ადვილი არ არის. მეორე გზა არის, თქვან, რომ არაფერი არ არის და საქმე არ აღიძრება, ამ შემთხვევაში მათ დასჯის ბიძინა ივანიშვილი და არის მესამე გზა, რომელზეც დღეს ისინი დგანან, გაიწელოს ეს საქმე იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით, ქართული ოცნებიდან არც ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომელიც ფონდს დაიცავდა. ასევე, ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, იავნანაში ის თანხები აღარ შესულა, რითაც იმ ადამიანებს უწევდნენ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდებოდა.

„არც ერთ სუპერმარკეტში აღარ არის ის ყუთები, ყველამ აიღო ეს, თანხები უკვე აღარ შემოდის, ჩვენ 14 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 650 ათასი ლარის დახმარებას ვაკეთებდით და ყველაფერი ეს რომ გაჩერდა, წყნარად დაიძინა ბიძინა ივანიშვილმა, გაუკეთეს კარგი საქმე,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რაც მან ჩემზე ილაპარაკა, მე გეუბნებით გულწრფელად, მე მას ვაპატიე, იმდენი რამ აქვს ჩემზე ნალაპარაკები. მე მას ვაპატიე, როგორც ქრისტიანმა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, რა დღეში ჩააგდო დღეს საქართველო, ამის პატიების უფლება მე არ მაქვს, ეს აპატიოს ღმერთმა და ქართველმა ხალხმა,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, სხვა ქვეყნების მომღერლებს ვეღარ სთავაზობს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან მისი რეპუტაცია შეილახა.

ბურჭულაძის თქმით, ქვეყნის რეპუტაციის შელახვის გამო, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსაც შემოსავალი მოაკლდა.

მისი თქმით, მის უფლებებს ავსტრიელი ადვოკატი დაიცავს.

„დამიცავს მე ავსტრია, დამიცავს მე გერმანია. რა თქმა უნდა, მე ამაზე არ გავჩერდები, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა მივა ამერიკის სენატამდე, ევროპარლამენტში, ეს აუცილებლად იქნება, ამას ესენი ვერ გაექცევიან, ეს მავნებლები, ყველაფერზე იქნება პასუხი, მაგრამ სხვამ რა ქნას, ვინც არ არის ავსტრიის მოქალაქე, ის როგორი დაცულია საქართველოში, საერთოდ არ არის დაცული საქართველოში,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არა აქვთ.

 

banner
წინა სტატიაშიპუტინის მისაღებს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მილიონი ხელმოწერა გადასცეს
შემდეგი სტატიასომხეთის პრემიერს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში უჩივის