რწმუნებული: ჭუბერში მდინარე კალაპოტს ისე იცვლის, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია

ჭუბერში მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ამასთან, როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.

„მარჯვენა-მარცხენა სანაპიროები რითაც უკავშირდებოდნენ, ეს გზა ჩამოინგრა. ახლა გამოსულები ვართ, ვათვალიერებთ ალტერნატიულ გზებს და ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორ დაუკავშირდება ერთმანეთს სოფლის ეს ორი ნაწილი“, – განაცხადა ვიბლიანმა.

როგორც ჭუბერის თემის რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ნინო ვიბლიანი განმარტავს, რომ ჭუბერში ვითარებას რთული მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს, რადგან ხეობაში ისევ წვიმს.

„წვიმა ართულებს ვითარებას. მდინარეში წყლის დონე სანამ არ დაიკლებს და მდინარე კალაპოტში არ ჩავარდება, წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება