2026 წლის 1 იანვრიდან დღემდე საპატრულო პოლიციამ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 22 000-ზე მეტი მძღოლი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან მაისურაძე ავრცელებს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც სანქციები ნასვამი მძღოლების მიმართ ეტაპობრივად გამკაცრდა.
„არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოსავლენად და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, საპოლიციო ღონისძიებები ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა მნიშვნელოვნად ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს, სადაც ხშირია ფატალური შედეგებიც“, — აღნიშნა ლევან მაისურაძემ.

















