დღეს, 2 ივლისს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დილიდან მიმდინარეობდა აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი, რის შემდეგაც, ზუსტად 09:00 საათზე, გამოსაცდელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წერა დაიწყეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ათასობით ახალგაზრდისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ დღიდან იწყება მათთვის ახალი გზა, რომელიც მომავალ პროფესიასა და სასურველ უნივერსიტეტამდე უნდა მიიყვანოს.
საგამოცდო ცენტრებთან დილიდან განსაკუთრებული განწყობა სუფევდა. იგრძნობოდა მღელვარება, დიდი მოლოდინი, მშობლების მხარდაჭერა და მასწავლებლების კეთილი სურვილები. ბევრი აბიტურიენტი აღიარებდა, რომ მიუხედავად ნერვიულობისა, საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობდა.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა – საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწყებული საგამოცდო მარათონი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. აბიტურიენტები სხვადასხვა საგანში საკუთარ ცოდნას შეამოწმებენ, რის საფუძველზეც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესაძლებლობას მოიპოვებენ.
ვულოცავთ ყველა აბიტურიენტს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ წარმატებას. დაე, მრავალწლიანი შრომა სასურველი შედეგით დაგვირგვინდეს, ხოლო ეს გამოცდები თითოეულისთვის ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებული მომავლის დასაწყისი გახდეს.















