2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა უქმდება

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება – 2026 წლიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამა უქმდება.

აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს სახელმწიფო სამსახურებში ასაქმებდა, პარალელურად კი დახმარებას უუქმებდა. ბოლო 4 წელში დასაქმების პროგრამაზე 377 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ექსპერტები ამბობენ, რომ პროგრამას ივანიშვილის გუნდი საჭირო ხმების მისაღებად და კორუფციისთვის იყენებდა.

ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა უმუშევრობის დონის სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის გამოიყენა.

პირველ რიგში, ეს იყო ფულის გაფლანგვის პროგრამა. მეორე რიგში, ეს იყო გაჭირვებული ადამიანების მოქრთამვის პროგრამა და შესაბამისად, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ადამიანების მოქრთამვის საჭიროება აღარ არსებობს 2026 წელს, ეს პროგრამა გაქრა.

ეს იყო სუპერ არაეფექტიანი პროგრამა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი რეალური სამუშაო ადგილი არ დარჩება ამ პროგრამის დასრულების შემდეგ და სინამდვილეში ეს მოხმარდა სტატისტიკის გაუმჯობესებას დასაქმების, რომ მერე მოეყიდა “ქართულ ოცნებას” გასაოცარი დასაქმების შედეგები. 40 ათასი ადამიანი არის დაახლოებით, ზუსტად რომ არ ავიღოთ, 2-დან 3 პროცენტამდე მთლიანად დასაქმებული ადამიანების და ჩავთვალოთ რომ ამ დონეზე “გააყალბა” “ქართულმა ოცნებამ” სტატისტიკა, როდესაც ქაღალდზე დაასაქმა ადამიანები და გადაუხადა გადასახადების გადამხდელების ფული, როცა პრაქტიკაში ეს ადამიანები არ მუშაობდნენ და იყვნენ უბრალოდ მიწერილები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს,” – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

“ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი პროგრამის გაუქმების პარალელურად ამბობს, რომ მათი ორიენტაცია სამუშაო ადგილების შექმნაზეა.

ვერ ვხდები თქვენ რა არ მოგწონთ გაფორმებული ადამიანების გაშვება არ მოგწონთ თუ რეალურად ამ ადამიანების რეალური დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ ვინმე კი არ გაფორმდეს, რასაკვირველია ვინც სოციალურ დახმარებას საჭიროებს იმას სოციალური დახმარება უნდა მიეცეს და უნდა მიეცეს გაცილებით მეტი ვიდრე ეძლეოდა, მაგრამ ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ სამუშაო ადგილების შექმნაზე,” – თქვა გია ვოლსკმა.

banner
წინა სტატიაში“დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ” – შსს–მ ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დასავლელ მოკავშირეებს განცხადებით მიმართავენ