„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ 2025 წლის სექტემბერში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 6 909 602 ლარი მიიღეს შემოწირულობებით, საიდანაც 59% – 4 145 000 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.
TI Georgia-ის ინფორმაციითვე, მხოლოდ სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა ჩაურიცხა 4.1 მილიონი ლარი, ხოლო მსხვილ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს, ორგანიზაციის შეფასებით, წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მნიშვნელოვანი სარგებელი აქვთ მიღებული – მათ შორის, 2015 წლიდან 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების მოგებით.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ასეთ ფონზე ჩნდება კანონიერებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის კითხვები: არის თუ არა ეს ჩვეულებრივი შემოწირულობები, თუ ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთობებში სისტემური პრობლემის მაჩვენებელი.
ამ მონაცემების ფონზე, კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შემოწირულობებში პოლიტიკური კორუფციის სქემა მარტივად იკითხება და ამბობს, რომ პარტიის ფინანსური საყრდენი სწორედ იმ კომპანიებზე მოდის, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებიდან სარგებელს იღებენ.
“ქართული ოცნების” შემოწირულობებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივი გასაშიფრია პოლიტიკური კორუფცია. დღეს “ქართული ოცნება” ფინანსურად დგას ამ კომპანიებზე და ამ კომპანიების ხელმძღვანელებზე. მათ არა მარტო ფინანსურად იყენებენ, არამედ საარჩევნო პერიოდში ამ კომპანიების თანამშრომლებსაც მათ სასარგებლოდ იყენებენ, ყველა მიდის და ხმას აძლევს “ქართულ ოცნებას”. სქემა არის ძალიან მარტივი: კომპანია მიიღებს ტენდერს ან გამარტივებულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით, მილიარდობით ლარს, ხოლო შემდეგ ის ვალდებულია, გარკვეული სახით როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური გზით მიაწოდოს თანხები “ქართულ ოცნებას”, მის ჩინოვნიკებს. ანუ ხელი ხელს ბანს პრინციპით, – ამბობს ბესიკ დონაძე.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მსგავსი სქემები ძალიან ხშირია, ამტომ, საჭიროა, აღნიშნულით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.



















