„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა და 4.69 მლრდ დოლარს მიაღწია.
კვლევის მიხედვით, გასულ წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდა ყველა კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო პიკს მესამე კვარტალში მიაღწია, როდესაც შემოსავალმა 1.67 მლრდ დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით, ტურიზმის შემოსავლების უდიდეს წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება 564 მლნ დოლარით, თუმცა ამ ქვეყნიდან წლიური კლება (-18%) დაფიქსირდა.
შემოსავლების მიხედვით, ერთ-ერთი მსხვილი წყაროა ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა 511 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 16%-იან ზრდაზე მიუთითებს. თურქეთიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 606 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა ამ ბაზარზე მცირე, 1%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან (34%) და აზერბაიჯანიდან (33%). კერძოდ, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში დახარჯულმა თანხებმა 586 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეების დანახარჯმა – 223 მლნ დოლარი.
ამავე პერიოდში, საუდის არაბეთიდან ტურისტული დანახარჯები 16%-ით გაიზარდა და 141 მლნ დოლარს მიაღწია. ზრდა ფიქსირდება ასევე სომხეთიდან (8%, 170 მლნ დოლარი) და უკრაინიდან (6%, 158 მლნ დოლარი).
„ძლიერი ზრდა უფრო მაღალი ხარჯების მქონე და რეგიონული ბაზრებისკენ თანდათანობით გადაადგილებაზე მიუთითებს, რაც ნაწილობრივ აბალანსებს სხვა ბაზრებიდან შემცირებას და ხელს უწყობს შემოსავლების საერთო ზრდას“, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
















