ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასული წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, თუმცა წლის ბოლოს რეალურმა მაჩვენებელმა 7.5%-ს მიაღწია.
უწყების მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ნომინალურ გამოსახულებაში 104 598.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. ინფლაციის დონემ კი 4.0% შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საგარეო ფაქტორებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა:
საგარეო ვაჭრობა: საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 863.2 მილიონი დოლარი შეადგინა (მატება 10.3%);
საერთაშორისო ვიზიტორები: საქართველოს 6 856.8 ათასი ვიზიტორი ეწვია (ტურისტების რაოდენობა — 5 521.9 ათასი);
შემოსავალი ტურიზმიდან: ქვეყანამ ტურიზმის სექტორიდან 4 690.2 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 6.0%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით;
უცხოური ინვესტიციები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 688.7 მილიონ დოლარს მიაღწია.
გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 100.8%-ით შესრულდა, ხოლო ხარჯვითმა ნაწილმა 99.2% შეადგინა (27 723 319.2 ათასი ლარი). უწყებების მიხედვით საკასო შესრულება ასე გამოიყურება:
ინფრასტრუქტურის სამინისტრო — 101%;
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — 100.3%;
შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები — 100%;
იუსტიციის სამინისტრო — 99.3%;
უზენაესი სასამართლო — 95.6%;
სახალხო დამცველის აპარატი — 91%-მდე.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს უახლოესი პერიოდის მაკროეკონომიკური მოლოდინებიც გააცნო. განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 6.3% იქნება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. მომავალ წლებში კი ინფლაცია კვლავ თავის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.















