19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

2025 წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ქვეყანაში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა, გაზრდილია ქერისა და ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებელი.

„წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ხორბლის წარმოებამ 143.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 24.8 %-ით გაიზარდა და 60.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 200.2 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 5.3 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 6.1 %-ით შემცირდა და 207.9 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 8.9 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინა წელთან შედარებით, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.7 ტონა/ჰა, სიმინდის – 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 14.5 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 10.6 ტონა/ჰა“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 15.6%-ითაა შემცირებული ხილის (ყურძნისა და ციტრუსის გარდა) წარმოება. რაც შეეხება ყურძენს, წარმოება გაზრდილია 8.3%-ით.

„წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში წარმოებულია 205.6 ათასი ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 15.6 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 72.3 ათასი ტონა თესლოვანი ხილი (19.3 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე), ასევე 53.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (30.5 %-ით ნაკლებია), 53.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (2.7 %-ით მეტია), 17.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (1.2 %-ით მეტია) და 8.7 ათასი ტონა კენკროვანი ხილი (16.0 %-ით მეტია).

გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2025 წელს წარმოებულია 347.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.3 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.0 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 0.4 %-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე“, – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

ამას გარდა, ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 184.3 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.8 %-ით ჩამორჩება.

„საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 1.3%-ით და შეადგინა 60.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 4.9%-ით და შეადგინა 123.9 ათასი ჰექტარი.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 24.0 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 14.3 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 10.3 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.2 ათას ჰექტარს შეადგენდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„ნიუ იორკ თაიმსი“: გემები ჰორმუზის საზღვრის გადაკვეთისას თავის არიდების ტაქტიკას იყენებენ
შემდეგი სტატიათეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა