სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2025-2026 წლის მარკეტინგულ წელს საქართველოდან 18.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 188.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებს 58%-ით აღემატება.
ქართული თხილის ძირითად საექსპორტო ბაზრად კვლავ ევროკავშირი რჩება, სადაც 131 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 ათას ტონაზე მეტი პროდუქტი გაიგზავნა.
უწყების ცნობით, 2022-2025 წლებში მოქმედი თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის შემდეგ, მიმდინარე წლიდან ფერმერების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თხილის საბაზრო ფასზე კლიმატური პირობები, მოსავლის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება მონიტორინგი და ისეთი მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.















