2024-2025 სასწავლო წელს, მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების 5924 შემთხვევა აღირიცხა, 2025-2026 სასწავლო წელს, მაისის მდგომარეობით კი – 5685 შემთხვევა,- ამის შესახებ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში აცხადებენ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” წერს.
მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 13 ლოკაციაზე.
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო), მთელი საქართველოს მასშტაბით, ფსიქოსოციალურ მომსახურებას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.
მოსწავლეებთან მუშაობის ფარგლებში, ცენტრი, საჭიროებისამებრ, მუშაობს ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ სუბიექტთან. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიზიტებს, როგორც გეგმურს, ასევე, კრიზისულს. ვიზიტის ტიპი დამოკიდებულია საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებაზე და ეს შესაძლოა იყოს საკონსულტაციო, პრევენციული, საინტერვენციო, შემთხვევის შეფასებისათვის განკუთვნილი და ა.შ.
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრები წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 13 ლოკაციაზე (თბილისი – 2, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ახალციხე).
2024-2025 სასწავლო წელს ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, რეაგირებისთვის სულ შემოვიდა 5924 შემთხვევა. ხოლო, 2025-2026 სასწავლო წელს (14 მაისის მდგომარეობით) – 5685 შემთხვევა.
აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებისა, საჯარო სკოლებში ასევე დასაქმებული არიან ფსიქოლოგები მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.















