“2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი ევროპული კოალიცია, სადაც “ოცნება” იქნება ოპოზიციაში”-ოთარ კახიძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის კოალიცია დაამტკიცებს, ხოლო “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იქნება.

მისი თქმით, ბიუჯეტი, რომელიც დღეს უნდა განიხილონ, უბრალოდ, ფორმალობაა.

“ეს არ არის 2021 წლის ბიუჯეტი, ეს არის არჩევნებამდე შემოგდებული ფურცელი. 2016 წელს ამომრჩეველს წარუდგინეს ცრუ ბიუჯეტი, სადაც დაუმალეს, რომ აპირებდნენ საწვავის გაძვირებას და აქციზის გადასახადის გაზრდას. შემდგომ, არჩევნებში მოგება რომ გაინაღდეს, შემოიტანეს მეორე ბიუჯეტი, სადაც გაწერეს გადასახადები. ამიტომ, ამ ბიუჯეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი ევროპული კოალიცია, სადაც “ქართული ოცნება” იქნება ოპოზიციაში,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას განიხილავენ. მას მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი შეფასებით ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ არის მორგებული მოქალაქეების პრობლემებზე.

პროექტს, ოპოზიციისგან განსხვავებით, პოზიტიური შეფასება აქვს უმრავლესობის მხრიდან. დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. წინასწარი ვერსიის მიხედვით, მასში გათვალისწინებულია პედაგოგთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა. დღევანდელი განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით განსახილველად მთავრობას დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიგორის მე-9 საჯარო სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია2 მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა