2020 წლისთვის „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით შეცვლა რეალურად და აუცილებლად მიმაჩნია

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

2016 წელს არჩევნები არ მოგვიგია და ხელისუფლებას გამარჯვება არ მოუპარავს, მაგრამ მან ძალიან სახიფათო, არალეგიტიმური მეთოდები გამოიყენა, რამაც იმ მომენტშიც და მომავალშიც, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია დააზიანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ, მათ შორის, პირველ რიგში ჩვენც, იმ ტიპის უპირატესობას მიაღწიოს, რომლის განეიტრალებაც ივანიშვილის გუნდისთვის ამ არალეგიტიმური მეთოდებითაც კი შეუძლებელი გახდება“, – განაცხადა ბოკერიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია 2020 წლისთვის ამ ამოცანის შესრულება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით შეიცვალოს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად რეალურად და აუცილებლად მიაჩნია.

„ამ ძალიან არალეგიტიმური და უკანონო მეთოდების გარდა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ცვლილების, არეულობის, გაბოროტებული ოპოზიციის შიში, რომ ის მოვიდოდა და პოლიტიკურ ბოღმას ამოიღებდა, რითაც ამომრჩევლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. რაც დრო გავა, მათ ამ ცრუ ფაქტორის გამოყენება კიდევ უფრო გაუჭირდებათ და ეკონომიკაში, უსაფრთხოებაში და ყველგან ჩვენი მკაფიო ხედვის გარდა, რომელიც ამომრჩევლამდე უნდა მივიტანოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საფრთხობელა გავაქროთ. ამ შემთხვევაში კონკრეტულ პერსონას არ ვგულისხმობ. ვიგულისხმე მეთოდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, 2016 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ევროპული საქართველოს“ ხმების 1/3 ახალი ხმები იყო. ანუ, არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ახალი ხმები, რომელსაც მთავარი ოპოზიციური ძალისთვის ხმა მანამდე არ მიუცია.

„ეს საკმარისი აბსოლუტურად არ არის, მაგრამ ეს არის გზა. აუცილებელია, ამ ხალხისთვის მოტივაციის შექმნა და ყველა მათგანთან ჩვენი ხედვის მიტანა, რათა ისინი არჩევნებზე მოვიდნენ და 2020 წლის არჩევნებზე დიდი უპირატესობა გვქონდეს, იმის მიუხედავად, რამხელა რესურსი ექნება ფულში, ადმინისტრაციულ რესურსსა თუ ძალადობაში „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის გუნდს. ეს 2016 წელსაც იყო შესაძლებელი, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდა, მაგრამ უნდა მოხდეს 2020 წელს“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიგი უგულავა იყოს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და არჩევანს თავად გააკეთებს