2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 046 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 424 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 279 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 241, ქვემო ქართლში – 216, აჭარაში – 221, შიდა ქართლში – 188, მცხეთა-მთიანეთში – 72, გურიაში – 39, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 22 ფაქტი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასინგაპურის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა