“2020 წელს აპირებენ მთელ საქართველოში აარჩევინონ ბევრი სალომე ზურაბიშვილი”

“ეს განცხადება არის ორმაგი მოტყუების მცდელობა” – ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე კახა კალაძის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნებში “ოცნება” კანდიდატები არ დააყენებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ენმ-ისა და მისი “განაყოფების” გარდა, სხვა კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი.

ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოატყუოს ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობა. თუმცა მისივე თქმით, ეს იმდენად პრიმიტიული ტყუილია, რომ ხალხი არ მოტყუვდება და პასუხი იქნება ბევრად უფრო მძაფრი, ვიდრე აქამდე.

“პირველ რიგში ცდილობენ მოატყუონ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები და უთხრან, მოდი რა თუ არ მიიღებთ პროტესტებში მონაწილეობას, ჩვენ მოგიკვარახჭინებთ საქმეს ისე, რომ თქვენ პარლამენტში მოხვდებით. ეს არის ოპოზიციის დაშლის და ლიდერების მოტყუების მცდელობა და მეორე, რაც ბევრად უფრო უარესია, ეს არის მთელი საზოგადოების მოტყუების მცდელობა, იმიტომ რომ ეს უკვე გააკეთა ქართულმა ოცნებამ 2016 წელს მთაწმინდაზე, როდესაც ვითომ დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილის აარჩევინა მთაწმინდელებს და 2020 წელს აპირებენ მთელ საქართველოში აარჩევინონ ბევრი სალომე ზურაბიშვილი, ასე მოატყუონ ხალხი, რომ თითქოს ეს არის ოცნებისგან დამოუკიდებელი ფლანგი ან პოლიტიკური პარტია და შემდეგ ბევრი სალომე ზურაბიშვილებით ივანიშვილს და ოცნებას პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა,” – ამბობს ბაქრაძე.

რაც შეეხება გეგმებს, ბაქრაძე ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება, რომელიც იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი და აქციის მონაწილეები იმ შემთხვევაშიც კი არ გაუწევენ წინააღმდეგობას პოლიციას თუ აქციას დაარბევენ.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაა ქართულმა ოცნებამ გადადგას ნაბიჯი გერმანულ მოდელზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

“გაგრძელდება პროტესტები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურია და როგორც ჩანს ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოსავალი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოდიფიცირებულ გერმანულ მოდელზე ეს არის სისტემა, რომელიც სრულიად შეესაბამება კონსტიტუციას, რომლის მიღებასაც ჭირდება 76 ხმა, რომელიც ადგილზე ტოვებს მაჟორიტარებს. ოღონდ იქნება მთავარი პრინციპი, რომ ვერცერთი პარტია ვერ შეიყვანს იმაზე მეტს დეპუტატს, ვიდრე მის მიერ აღებული ხმების რაოდენობაა,” – ამბობს ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ბოლშევიკური სულისკვეთების ოპოზიცია”
შემდეგი სტატია“ლევან მამალაძე და მსგავსი ოდიოზური ფიგურები უფრო ადეკვატურად და ღირსეულად იქცეოდნენ, ვიდრე დღეს „ქართული ოცნება“