2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა

2018–2021 წლებში, თბილისის მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით სამი ახალი პროგრამა დანერგა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, ჯამში, 28 პროგრამა 228 305 235 ლარით დაფინანსდა.
„ჯანდაცვის მიმართულებით სულ განხორციელებულია 28 პროექტი. ყველა ძველი პროექტი შენარჩუნდა, ნაწილი გაფართოვდა და სამი ახალი კომპონენტი დაემატა. ესენია: „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი; „დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტი და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა.
ღვიძლის ტრანსპლანტაცია არის შენარჩუნებული სიცოცხლე ან უარეს შემთხვვეაში ოჯახის სოციალური განადგურებისგან ხსნა. ეს ოპერაცია იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ პაციენტების ოჯახებს მთელი ქონების გაყიდვა უწევდათ.
რაც შეეხება დავადებათა სკრინინგის პროგრამის ცენტრს, ეს უკვე თვისობრივად სხვა ცენტრია, სადაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. შევისყიდეთ თანამედროვე ტექნიკა, გაიხსნა ახალი ფილიალები და უფრო მეტ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროს. რაც შეეხება გაფანტულ სკლეროზს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსდება მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, „ტრანსპლანტაციის“ პროგრამის ფარგლებში 259 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა და მასთან დაკავშირებული კვლევების მიმართულებით დაფინანსდა 235 შემთხვევა, ხოლო თითოეული შემთხვევის დაფინანსება მერყეობს 10 000-დან 235 000-ლარამდე.
„რაც შეეხება ღვიძლის გადანერგვას, ის 24 პაციენტს დაუფინანსდა. ერთ მოქალაქეს ეს ოპერაცია 70 000 ლარით უფინანსდება. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ დაავადებათა სკრინინგის პროგრამით უფასო გამოკვლევები ჩაიტარა 121 141-მა მოქალაქემ, დაფინანსდა 263 000-მდე კვლევა; გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით 2020 წლიდან 87 პაციენტი იღებს მომსახურებას და ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 000 ლარია გამოყოფილი; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი, ძვირადღირებული პრეპარატები 397-მა პაციენტმა მიიღო“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდამღალა ამ ყველაფერმა- გახელაძის დედა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სახელმწიფო ვერ ჩაითვლება სახელმწიფოდ, თუ მან საკუთარი პოზიტიური ვალდებულება არ განახორციელა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ იზრუნა