2017 წლის ბიუჯეტში “ოცნების” დაპირებები არ ასახულა – სერგო რატიანი

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. საფინანსო დოკუმენტში ერთი წლის შემოსავლებისა და ხარჯების გეგმაა გაწერილი.
2017 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 555 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 4%-ია. განმარტებით ბარათშიც მოცემულია და ხელისუფლებაც აღიარებს, რომ აღნიშნულ ბიუჯეტში არ არის ჩადებული არცერთი ის პროექტი, რომელიც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებშია.
ბიუჯეტს უკვე მომავალი პარლამენტი დაამტკიცებს, თუმცა პირველ განმარტებებს ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტარები აკეთებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ატყუებს ხალხს, რასაც მათი თქმით, ადასტურებს ის, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში ასახული პროექტები არ არის ჩადებული 2017 წლის ბიუჯეტში.
„მთავარი შენიშვნა არის ის, რომ ეს ბიუჯეტი აცდენილია იმ დაპირებებს, რომელსაც გასცემს დღეს ქართული ოცნება. აქ არ არსებობს სოციალური დახმარებების გაზრდა, ბიუჯეტში არ არის მოცემული არც პენსიების ზრდა და ასევე არ არის მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პერსპექტივა. ქართული ოცნების დაპირებები არის ტყუილი და ამას ადასტურებს დღეს ბიუჯეტიც,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის ბიუჯეტში ასახვა მოგვიანებით მოხდება, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტი ხელმეორედ დაბრუნდება საკანონმდებლო ორგანოში.
მმართველი პარტიის წევრები ბრალდებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლებას არ აქვს უფლება ბიუჯეტში რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები შეიტანოს. დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, ოცნების დაპირებები ბიუჯეტში ასახვას არჩევნების დასრულების შემდეგ ჰპოვებს.
„ესეც არის ძალიან მოკლე ფეხებიანი სპეკულაცია და ტყუილი. საარჩევნო კოდექსი არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ საარჩევნო პერიოდში მთავრობამ გარკვეული ინიციატივები გამოიჩინოს და პარტიის ოცნებების ინიციატივები ჩადოს ბიუჯეტში. ეს არის და ეს. თქვენ კარგად იცით, რომ ბიუჯეტი პირვანდელი სახით არასდროს არ გადის ბოლომდე, ამიტომ, ბიუჯეტი გადამუშავდება, როგორც კი მორჩება არჩევნები და ყველა ინიციატივა, რომელიც ქართული ოცნების პროგრამაშია, აუცილებლად ასახვას ჰპოვებს ბიუჯეტში,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მმართველ გუნდს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ რესპუბლიკელები. საარჩევნო კანონში არსებულ მუხლს დეტალურად განმარტავენ.
2017 წლის ბიუჯეტისთვის მთავრობა 1 მილიარდ 360 მილიონიანი ვალის აღებას გეგმავს. მათ შორის შიდა ვალი 300 მილიონია.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაივანიშვილი : ,,ნაიონალები” ვეღარ იბლატავებენ.. იქნებიან ცუციკებივით”