2017 წელს 250 სილამაზის სალონის შემოწმების შედეგად, მხოლოდ 2 დაჯარიმდა

თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის მიერ, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, 250 სილამაზის და ტატუს სალონია შემოწმებული, აქედან 2 მათგანი დაჯარიმდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, ცისნამ დელებაშვილის განცხადებით, სალონების შემოწმება დღესაც გრძელდება და წლის ბოლომდე 90-მდე სალონი შემოწმდება.

„დღესაც გრძელდება სალონების შემოწმება. 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, საჯარიმო უფლებით, 250 სილამაზის და ტატუს სალონია შემოწმებული, აქედან 2 მათგანი დაჯარიმდა სასამართლო პროცესზე. ერთზე გამოტანილია დარღვევა და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მეორე სალონი დაიკეტა და მის მესაკუთრესთან სასამართლო დაკავშირებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. ორივე ჯარიმა სალონის დაურეგისტრირებლობას ეხებოდა. განვმარტავ, რომ 2017 წლამდე, სალონების დაჯარიმების უფლება არ გვქონდა, მათთან მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ვაწარმოებდით. ახლა, წლის დასაწყისიდან ვაჯარიმებთ კიდეც. დაჯარიმების უფლება ორ შემთხვევაში გვაქვს, პირველი – როდესაც სალონი საზოგადოებრივ ობიექტად დარეგისტრირების გარეშე ფუნქციონირებს და მეორე – ინფექციის კონტროლის დროს, თუ ნორმები დარღვეულია.
თუ რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებს სალონი, მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ეწერება ჯარიმა, მეორედ შემოწმების შემთხვევაში, თუ პრობლემა გამოსწორებული არ არის, მისი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება. რაც შეეხება ინფექციის კონტროლს, პირველ შემთხვევაში სალონი იღებს გაფრთხილებას, თუნდაც ჰქონდეს დარღვევა, ამას კანონი და პროტოკოლი ადგენს, შემდეგ ეწერება ჯარიმა, თუ პრობლემა არ სწორდება“, – აცხადებს დელებაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სალონების 10% პირველი შემოწმებისას, სანიტარული მდგომარეობის თვალსაზრისით, სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

„მათ არც ადგილმდებარეობა ჰქონდათ სათანადო, არც ჰიგიენური ნორმები იყო დაცული, არ ირეცხებოდა სავარცხლები, არ ტარდებოდა დაბალი დონის დეზინფექციაც კი, რომელიც სოკოს და სებორიას კლავს. რაც შეეხება პედიკურ-მანიკურს, თითქმის ყველა სალონში იყო დარღვევა. ჰქონდათ სტერილიზატორები და აპარატები, რომელიც სტერილიზაციას არ აკეთებდა. ეს იყო 2015 -2016 წელს. ახლა, როდესაც დაჯარიმების ფუნქციაც გვაქვს და განმეორებით ვამოწმებთ სალონებს, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. პროტოკოლის შესაბამისად, ვასწავლეთ იმ ხსნარების გამოყენებას, რომელიც სასტერილიზაციო საშუალებას წარმოადგენს. ინფექციის კონტროლისას არც ერთი სალონი არ დაჯარიმებულა, რადგან პირველივე შესვლაზე ჯარიმის დაწერის უფლება არ გვაქვს. ეს რომ ხდებოდეს 10-დან 9 შემთხვევაში, ჯარიმა დაიწერებოდა. გონივრული ვადები აქვთ მიცემული, რაც ერთი კვირიდან სამ კვირამდე ვადას გულისხმობს. ამ პერიოდში მათ დარღვევა უნდა გამოასწორონ“, – აცხადებს დელებაშვილი.

მისივე განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, თბილისში 1200 რეგისტრირებული სალონია, თუმცა, გაცილებით მეტია არარეგისტრირებული დაწესებულებების ოდენობა, რომელთა აღმოჩენის და შემოწმების ვალდებულება თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრს აქვს.

„პროტოკოლით გვაქვს გაწერილი, რომ შემთხვევითი შერჩევით უნდა შევამოწმოთ სალონები. ამის შემოწმებას დრო სჭირდება. ზოგს სახლში აქვს გახსნილი და ამის შესახებ არ ვიცით. ამ შემთხვევაში მოქალაქეების შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მოქალაქე შეგვატყობინებს, რომ ამა და ამ ადგილზე არის გახსნილი სალონი და სურს მისი შემოწმება, ჩვენ ვალდებულები ვართ გავიდეთ ადგილზე და ვნახოთ, შეესაბამება თუ არა მოთხოვნებს ამ სალონში არსებული პირობები. თუმცა, მოქალაქეთა მომართვიანობა ძალიან მცირეა, თითქმის არ არის“, – აცხადებს დელებაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე განცხადებით, წლის ბოლომდე კიდევ 90 სალონის შემოწმებაა დაგეგმილი.

როგორც დელებაშვილი აცხადებს, სალონების შემოწმების ვალდებულება ცენტრს წელიწადში ერთხელ აქვს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სალონისთვის გონივრული ვადა აქვს პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოყოფილი, ცენტრი მას განმეორებითაც ამოწმებს.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრი ზედამხედველობას 70 ინფექციურ დაავადებაზე ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი – ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის
შემდეგი სტატიადღეს ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება