“2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი”

ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” თავმჯდომარე დავით დონერიანი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანალიტიკურ მასალას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კრემლში დაწერილი სცენარი. ამ სცენარის თუ პიესის პირველი სერია ვიხილეთ ტელეკომპანია „იმედი“–ს ეგზიტპოლების გამოცხადებისას, ხოლო მეორე სერია – 8 ოქტომბერს, როდესაც 6 საათით ჯერ დაგვიანდა პირველადი შედეგების გამოცხადება (სხვადასხვა გამამართლებელი მიზეზების გამოცხადებით), და პარალელურად საარჩევნო პროცესისა სხვადასხვა ექსესებისა და შემთხვევების გათვალისწინებით.
10 ოქტომბერს ირაკლი ალასანიას განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ასევე ალექსი პეტრიაშვილის ანალოგიური განცხადებამ გვაჩვენა, რომ მპგ „თავისუფალი დემოკრატები“ გაეთიშნენ პოლიტიკურ ბრძოლას. კულუარებიდან ასევე ცნობილია პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია. არც რესპუბლიკელები დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე.
პრაქტიკულად 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა წერტილი დაუსვა პროევროპული პარტიების არსებობას საქართველოში.
გარდა იმისა, რომ მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“–მ მიიღო ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებიდან ხმების 27,11% – მას შეყავს პარლამენტში დაახლოებით 27 დეპუტატი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამაც ვერ გადალახა უმეტეს ოლქებში 50%–იანი ბარიერი.
ცხადია, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას ცხადჰყოფს ყველა ის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში – ჩხუბის ფაქტები, ყუთის მოტაცება, კომისიის წევრების გატაცება, ბიულეტინებზე განზრახ ხელმოწერა–ბეჭდის არ დაფიქსირება და სხვა. ამას ემატება ქუთაისში დაახლოებით 5 ათასი ბიულეტინის და აჭარაში 25 ათასამდე ბიულეტინის ბათილად ცნობა. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს – მისი შედეგი უკვე მერამდენედ შეიცვალა.
საზოგადოებაში, ექსპერტებში და პოლიტიკურ სპექტრში, ასევე არასამთავრობო სექტორში ჩნდება კითხვები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემდგომ ნაბიჯზე – მეორე ტურში მონაწილეობა – არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და პარლამენტში შესვლა – არ შესვლასთან დაკავშირებით. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ცესკო ელოდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბოლოო პასუხს, რომ გამოაქვეყნოს პატრიოტთა ალიანსის საბოლოო შედეგი.
რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – დღეს ის დარჩა ერთადერთ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც არის პროევროპული (ანუ დასავლური ორიენტაციის), რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მას გარდა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისა დაემატა ერთადერთი პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიის სტატუსი, რაც პირდაპირ და ირიბად ნიშნავს, რომ მასზეა დამოკიდებული გარკვეულ წილად ქვეყანაში მომავალში მოსალოდნელი განვითარებული პროცესებზე პასუხისმგებლობა.
რა შეიძლება ითქვას მოსალოდნელ სცენარებზე – მათი რაოდენობა არის 2:
1. ბოიკოტი მეორე ტურს და პარალელურად პარლამენტს;
2. მონაწილეობა მეორე ტურში და პარლამენტში შესვლა.
განვიხილოთ სათითაოდ ისინი და მათი მოსალოდნელი შედეგები.
პირველი ვარიანტის შემთხვევაში რას მიიღებს ქართული პოლიტიკური სპექტრი – მეორე ტური არჩევნებისა მაინც ჩატარდება, ქართული ოცნება მაინც შეიყვანს თავის დარჩენილ კანდიდატებს. ამის პარალელურად პატრიოტთა ალიანსს დაუწერენ მინიმალურს, 5% და ის იქნება „ოპოზიციური“ პარტია ქართული ოცნებისათვის. რაც შეეხება საკითხს, დადგება თუ არა არსებული პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს – ნაწილობრივ ის იქნება აღქმული როგორც არალეგიტიმური, ნაწილობრივ კი იქნება აღქმული როგორც ლეგიტიმური – ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ უბრალოდ ქვეყანას ქართული ოცნება მართავს ისე, როგორც მას გაუხარდება. აქ იკვეთება ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი – მეორე ტურსა და პარლამენტზე უარის თქმით, რას ეტყვის პარტია მის მომხრეებსა და ამომრჩეველს – უმეტესობა მათგანი ვერ გაუგებს მათ, და მოსალოდნელია, რომ პარტია ამ ელექტორატსაც დაკარგავს. აქვე ასევე გაჩნდება აზრი, რომ პარტია უბრძოლველად ტოვებს ბრძოლის ველს (ამ შემთხვევაში ბრძოლის ველია არჩევნები).
მეორე ვარიანტის შემთხვევაში შედეგად მივიღებთ იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც გვეყოლება პროევროპული პარტია ოპოზიციაში, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ქვეყნისთვის დამღუპველი კანონების მიღების ხელის შეშლას. გასაგებია, რომ ამ 27 დეპუტატს მოუწევს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და ბევრის მოთმენა – ამაზე ორი აზრიც კი არ არსებობს. აქ ერთადერთი სანუგეშო იქნება ის ფაქტი, რომ ისინი დაიცავენ თავიანთი ამომრჩევლის ინტერესებს, თუმცა იქნება ძნელი ყველასათვის, რომ გამოდის პარტია აღიარებს ამ შედეგებს.
ამ რთულ მომენტში პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურში და შევიდეს პარლამენტში. დიახ, ეს არის უთანასწორო ბრძოლაში ბრძოლის ველზე არ დაცემა, რამეთუ დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პროდასავლური პარტია, და მას ეკისრება პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარ ამომრჩეველთან, არამედ ყველა სხვა პარტიის ამომრჩევლის წინაშე, რომ ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაიპარპაშოს პირდაპირ ასე თავისუფლად და გადააბიჯოს ყველას და ყველაფერს. როგორც „რუსტავი-2“-ზე გადაცემა „არჩევანში“ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ თუ დღეს ნაციონალური მოძრაობა არ შევა პარლამენტში, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ღიად გააპარპაშებენ, ივანიშვილი თავისუფლად მიაღწევს თავის მიზანს – გაანადგურებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ს.
ამავე გადაცემაში ეგზიტპოლების საკითხზე ჩაერთო არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სადაც მან განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“ არის არა ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, არამედ ყველა პროდასავლური აზროვნების მქონე ადამიანის, ორგანიზაციისა თუ პარტიის ტელევიზია და მათი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა სადებატოდ.
სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს ეს არჩევნები სამართლიანად, მიუხედავად არსებული დარღვევებისა და ფაქტებისა. მათ რათქმა უნდა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და დემოკრატიული.
დღეს კი რას ვიღებთ შედეგად – ჯერ არ გამოცხადებული საბოლოო შედეგების მიუხედავად, ქართული ოცნება აანონსებს საკანონმდებლო ცვლილებებს – ანუ მას არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იქცა ბიძინა ივანიშვილისათვის და კრემლისათვის შპს „საქართველო“–დ, რაც პრაქტიკულად არის საქართველოსთვის დამღუპველი. ამაზე მეტყველებს ეროვნული ვალუტის გაუფასურება, კრიმინალის კატასტროფული ზრდა, უმუშევრობის კატასტროფული ზრდა და ა.შ.

ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდობა უნდა გამოფხიზლდეს, გაერთიანდეს მტრის, რუსი ოლიგარქის და რუსეთის წინააღმდეგ ერის, ქვეყნის და საზოგადოების გადასარჩენად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა უნდა შეეგუოს არსებულ ვითარებას და თავი დაუქნიოს იმ მოვლენებს, რასაც კი ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი გააკეთებენ მომავალში.
დღეს ცესკო დგას უკვე რეალურად დილემის წინაშე – პატრიოტთა ალიანსის პარლამენტშ შესვლა – არშესვლის საკითხზე. ჯერ კიდევ ცესკოს არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის ფაქტი, რომ პატრიოტთა ალიანსი არის პარლამენტში შესვლის ზღვარზე – ეგ კი ცხადია. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ყველაფერს იზავს, რომ პატრიოტთა ალიანსი შევიდეს პარლამენტში – ქართულ ოცნებას ამით ეყოლება „ჯიბის ოპოზიცია“.
აქ კი ნაღდად ცხადია, თუ ვის უნდოდა დესტაბილიზაცია.
4 წელი აღნიშნული ვითარების გაძლება რომ შეუძლებელი იქნება – ფაქტია. თუმცა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლით დაიცავს არა მხოლოდ მის, არამედ სხვა პარტიების (ლეიბორისტების, დემოკრატების, რესპუბლიკელების და ა.შ.) ამომრჩეველთა ინტერესებს. ნაციონალური მოძრაობა ამით მხოლოდ მიიღო გამოწვევა ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილისა, და როგორც კაპანაძემ განაცხადა, კანონიერად და ყველა პოლიტიკურად და კონსტიტუციურად მიღებული ფორმით შეებრძოლება ივანიშვილის რეჟიმს. პარალელურად ამისა, რათქმა უნდა იქნება საპროტესტოს აქციები ქვეყნის გადასარჩენად. ერთ-ერთი სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს – კრიზისის შექმენის შემთხვევაში (და დარწმუნებული ვარ ასეთი კრიზისი შეიქმნება) – პრეზიდენტი ვალდებული იქნება გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დაითხოვოს პარლამენტი 6 თვის თავზე – ეს არის ერთადერთი კანონიერი და კონსტიტუციური ქმედება ხალხის და ქვეყნის გადასარჩენად. ამ შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საკითხავია, რამდენად იქნება ქვეყანა მზად ამისათვის, და რამდენად აქვს მას ამისი ფინანსური შესაძლებლობები”,- აცხადებს დავით დონერიანი.

 

banner
წინა სტატიაშიშეიხები ნავთობის მსოფლიო ფასის დაწევას გეგმავენ
შემდეგი სტატიაკანადაში დაკარგული ატომური ბომბი აღმოაჩინეს