“2016 წელს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესაძლებლობა არ არის”

ზვიად ძიძიგურ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა, ეს 2016 წლისთვის ვერ ესწრება.

“ქართული ოცნების” ინტერპარტიულ ჯგუფებთან შეხვედრის დაწყების წინ, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან უნდა მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

“2016 წლისთვის მოხდება საარჩევნო ოლქების რეფორმირება, რომელიც დღეს არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ მოხდეს მანდატების გამოთანაბრება. 2020 წლიდან უნდა მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს ორსაფეხურიანი რეფორმა პასუხობს ყევლა პოლიტიკური ძალის, თუ დაინტერესებული ფენის ინტერესს, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს. 2016 წელს როცა ითხოვენ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს, ამის შესაძლებლობა უბრალოდ პარლამენტში არ არის. პარლამენტში, კოალიციაში, მაჟორიტარულ სისტემას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ჩვენ არ ვართ ის უმრავლესობა, რომელიც ძალდატანებით გადაწყვეტილებებს აღებინებს თავის უმრავლესობას”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი თვლის, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემის “აქილევსის ქუსლი” მაჟორიტარული სისტემაა და ის სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.

“ყველაზე პრინციპული საკითხი, ჩვენი ქვეყნის საარჩევნო სისტემის აქილევსის ქუსლი არის მაჟორიტარული სისტემის და მისი გაუქმების აუცილებლობაა. ეს დღესაც დგას. უპრინციპულესი საკითხია ასევე, რომ შევთანხმდეთ, ცივილიზებული საარჩევნო სისტემა შემოვიღოთ ქვეყანაში არა აბსტრაქტულ 2020 წელში, ან 2013-ში, არამედ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ინტერპარტიული ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობასთან მორიგ შეხვედრას საარჩევნო სისტემაში ინიცირებული ცვლილებების გარშემო მართავს.

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მომხრე პოლიტიკური პარტიები კომპრომისებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ, თუმცა 2016 წლისთვის რეგულაციების განახლების მოთხოვნის დათმობას, არ აპირებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ინტერპარტიული ჯგუფის განმარტებით, ცვლილებების განხორციელება არჩევნებისთვის პროცედურულად ჯერ კიდევ შეიძლება მოესწროს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თავისუფალი ზონის წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავა
შემდეგი სტატიაბრიუსელმა ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოაცხადა