2015 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში 1 114 928 ლარი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა

1453880655914014„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2015 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი – 680 111.19 ლარი;
2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი;

2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა;

თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული;

2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში – 167 712.26 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი);

2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი – 2 950 ლარი (საერთო ოდენობა – 38 350 ლარი);

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით;

გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია – 2 360 ლარი მიიღო;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს.

banner
წინა სტატიაშიდიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ანეკდოტური ვითარებაა უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით