2014 წლის 1-ელი სექტემბერს ამოქმედებული სავიზო რეგულაციები მარტივდება

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 14:57 განახლებულია

2014 წლის 1-ელი სექტემბერს ამოქმედებული სავიზო რეგულაციები მარტივდება

მნიშვნელოვანი

  • მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები

მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.
მთელ რიგ ახალ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის ფარგლებში იქნა მიღებული და 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, ცვლილებები შედის.
შესაბამისი კანონპროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოების ჩამონათვალი იზრდება და დგინდება შესაძლებლობა, ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღოს. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებს – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობას და საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ორგანოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ემატება.
გარდა ამისა, საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, იმ უცხოელებისათვის, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, შესაძლებელია საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება იმ მესამე სახელმწიფოს მიენდოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემის ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალეული მოქმედების განხორციელების პირობები შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით განისაზღვრება.
ამასთან, საქართველოს ვიზის გამარტივებულად გაცემის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ვიზების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება. კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე ელექტრონული ვიზა გასცეს, თუ ელექტრონული ვიზის მისაღებად საჭირო სავიზო განაცხადის წარდგენა სამინისტროს სპეციალური ვებვერდის – “ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით მოხდება.
“აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დატვირთულობის შემცირებას, საქართველოს ვიზების ხელმისაწვდომობას, ასევე გაამარტივებს საქართველოს ვიზების მოპოვების პროცედურას”, – აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
კონკრეტული შემთხვევები, თუ რა კატეგორიის ვიზის გაცემა იქნება შესაძლებელი “ელექტრონული ვიზის პორტალის” მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის საფუძველზე, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზის განმარტება – დგინდება, რომ საქართველოს ვიზა არის ნებართვა და არა აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც უცხოელს საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ან ტრანზიტით გავლის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აღნიშნული უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ან უცხოელის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტი. საქართველოს ვიზის განმარტებაში კონკრეტდება ისიც, რომ საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანის გზით, ან ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა).
კანონპროექტით ახლებურად განიმარტება “მოწვევის” ცნებაც. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მოწვევაზე უფლებამოსილ პირებად ითვლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი, მოწვევის ცნება უფრო ფართოდ განისაზღვრება და მოიცვას წერილობითი შუამდგომლობის შემცველ ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი დასტურდება.
კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 14:57 განახლებულია