2012 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტის დროს, ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ნამდვილად უმზადებდნენ – Judicial Watch

2012 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტის დროს, ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ნამდვილად უმზადებდნენ.

ეს საკითხი ორგანიზაცია Judicial Watch-მა, რომელმაც გზავნილების 756 გვერდი სასამართლოს გზით მოიპოვა, საკუთარ ვებგვერდზე ცალკე თემად გამოყო.

არაკომერციულმა ამერიკულმა ორგანიზაცია Judicial Watch-ის აქტივისტებმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის e-mail-ებთან დაკავშირებით ოცამდე სარჩელი მოამზადეს და ელექტრონულ ფოსტაზე წვდომას “ინფორმაციის თავისუფლების აქტის” ფარგლებში ითხოვდნენ.

2012 წლის ივნისში კლინტონი-ივანიშვილის შეხვედრას, თუკი ის მართლად შედგა და რის ოფიციალური დადასტურებაც არ არსებობს, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ კლინტონის ნდობით აღჭურვილ სიდნი ბლუმენტალს ცოტა ხნით ადრე ჰილარი კლინტონთან გაგზავნილი ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველო შესაძლოა, პოტენციური ცხელი წერტილი გამხდარიყო, თუკი სააკაშვილი გადაწყვეტდა, რუსეთთან დაძაბულობა გაეღრმავებინა.

ბლუმენტალი ივანიშვლის მრჩეველ ჯონ ქორნბლუმზე დაყრდნობით აფრთხილებდა კლინტონს, რომ ამ ამბავს რესპუბლიკელები ობამას წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

ამ ინფორმაციას თან ახლდა ბიძინა ივანიშვილის წერილიც, რომელშიც ის კლინტონს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდებოდა.

კლინტონის e-mail-ების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ოპოზიცია ამბობს, რომ ნათელი გახდა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას რუსეთი უწყობდა ხელს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაახლოებით მსგავსი გამოცდილება დემოკრატებს უკვე ჰქონდათ.

2008 წლის აგვისტოში, როდესაც ამერიკაში ასევე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა და პრეზიდენტის სავარძლისთვის ჯონ მაკკეინი და ბარაკ ობამა იბრძოდნენ, მაკკეინმა საგარეო პოლიტიკის კუთხით, ობამასთან შედარებით, დიდი უპირატესობა სწორედ აგვისტოს დღეებში მოიპოვა.

ობამას ადმინისტრაციის ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი, თავის წიგნში იხსენებს, თუ როგორ გააკეთა საქართველოში რუსეთის შემოჭრისთანავე პირველი განცხადება მაკკეინმა და როგორი ბუნდოვანი იყო ობამას გუნდის პირველი განცხადება, რომელშიც ბრალი რუსეთისთვის არ დაუდიათ.

მაკფოლი ამბობს, რომ სწორედ აგვისტოს ომმა გაუსვა ხაზი რესპუბლიკელთა კამპანიის ნარატივს, რომ მათი კანდიდატს საგარეო პოლიტიკაში დიდი უპირატესობა ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოში ჩამოვა
შემდეგი სტატია“კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს” – ეკა ბესელია