2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული რაოდენობის მიუხედავად, ათასზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოვლინდა.

ამის მიზეზად ნადარეიშვილი ერთი და იგივე მოხელის ან პირთა ჯგუფის მიერ არაერთი დანაშაულის ჩადენას უკავშირებს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი სამოხელეო დანაშაული ძირითადად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა, რომელიც ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირის უშუალო კონტროლით და ცალკეულ შემთხვევებში მონაწილეობითაც კი.

“2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის დღემდე სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან გათანაბრებული პირის მიმართ დაიწყო. აქცენტი ძირითადად გადატანილი იყო მოხელეთა მიერ ჩადენილ ისეთ ძალადობრივ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, იძულება, მუქარა და სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაული. 367 საჯარო მოხელის მიმართ დაწყებული დევნა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამდენი საქმე იქნა გამოძიებული. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პირის ან ჯგუფის მიერ არაერთი დანაშაულის ჩადენა ხდებოდა, 2 წლის მანძილზე გამოვლენილი იქნა ათასზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი დეპარტამენტი პირველ ეტაპზე ორი კატეგორიის განცხადებებზე მოახდენს რეაგირებას.

“დეპარტამენტის სამართლებრივ ანალიზს მოახდენს და მივა ლოგიკურ დასასრულამდე სწორედ ისეთ საჩივარ-განაცხადებებზე, როგორიცაა ქონების უკანონო ჩამორთმევა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. პირველ ეტაპზე დეპარტრამენტი, სწორედ ამ ორი მიმართულებით შემოსულ განცხადებებზე მოახდენს რეაგირებას”, – აღნიშნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა.

ცნობისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება. ახალ სამსახურში ასევე 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი იმუშავებს.

banner
წინა სტატიაში„არემჯიმ“ აუდიტის ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა
შემდეგი სტატია„შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან ვინმესთვის კონფრონტაციული იყოს“