იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით ჩანაცვლებას მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ.
“2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები შეძლებენ სწრაფად და შეუზღუდავად სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – თქვა ბრეგაძემ.
2023 წლის 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა.
პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, ფრიდონ ინჯია, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.