2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარება მისი დაწყებულია.

„2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება. ჩვენ ავუშენეთ დევნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ უკვე დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაქეშში, მაშინდელ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“ და ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმ, ყოფილ „შახტიორის“ ადგილზე. ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, ამის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც ჩვენ ავიღეთ, მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ზუსტ ასლს ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების „კარაკალასი“, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს.

კიდევ, ჩვენ გვქონდა პროექტი პრაქტიკულად ყველა სხვა ტურისტულ ობიექტზე და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კიდევ ორი წლის შემდეგ. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა, ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები, იყო რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ყველაფერი ერთად არის – აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, შემდეგ გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა.

„ეს არის ერთი დიდი კომპლექსი და წყალტუბო არის ამის მთავარი აქცენტი. ივანიშვილმა ეს ყველაფერი გააჩერა, გაანადგურა და დღეს იგივე ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში იგდოს ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ 700 მლნ დოლარი, საწყისი ფასი. 700 მლნ დოლარს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, არც ერთი დამპყრობლის მიერ. კარგი ამბავი მხოლოდ არის ის, რომ ივანიშვილის მმართველობა უახლოვდება დასასრულს, ეს კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია ჩვენთვის, რომ უნდა დავირაზმოთ, ერთად დავდგეთ.

რა თქმა უნდა, წყალტუბო იქნება, როგორც ვვარაუდობდი, უკვე დიდი ხნის დამთავრებული. 2013 წლის ბოლოს ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კურორტი, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, რა როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან. იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები, რომ თურმე ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით. საქართველო და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან. მათ ექნებათ შემოსავლის წყარო, დასაქმების წყარო და მომავალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე: წყალტუბოს განახლება არის შესაძლებლობა არამარტო ამ კურორტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის
შემდეგი სტატია31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება