2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება

2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ომი მძიმე დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ადამიანურ ურთიერთობებს, ნათესაურ და მეგობრულ კავშირებს. იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებით აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე დაკავებულთა რაოდენობამ 2009-2017 წლებში 15 000 შეადგენდა; ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2016-2017 წლებში დაკავებულთა რაოდენობა 1 063 იყო. საოკუპაციო ხაზებზე ადგილი ჰქონდა სიცოცხლის ხელყოფის ერთეულ შემთხვევებსაც.
1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, მათ შორის 278 103 იძულებით გადაადგილებული პირია, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%. ეს ციფრები ჩვენი ქვეყანის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაკისრებულ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მოლოდინშია. გარკვეულ ობიექტებში დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან, რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა ყოფილ კოლექტიურ ცენტრებში; გამოწვევად რჩება სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების რეალიზების მიზნით სახალხო დამცველის მოსაზრებით აუცილებელია: 1. პრიორიტეტი მიენიჭოს დევნილთა განსახლებას ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს; 2. შემუშავდეს დევნილთა საჭიროების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული მოდელი.
საოკუპაციო ხაზებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 2008 წელთან შედარებით გაუარესებულია. ცხინვალის რეგიონის 350 კმ-იან საოკუპაციო ხაზს რუსეთის ფედერაციის 1 200 მესაზღვრე, ხოლო აფხაზეთის 145 კმ-იან გამყოფ ხაზს 1 500 მესაზღვრე აკონტროლებს. მათ მიერ მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
ადგილობრივებს ყოველდღიურად უწევთ უკანონო დაკავებებთან, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემასთან, სასოფლო სამეურნეო მიწების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევით გამოწვეულ სიღარიბესთან გამკლავება.
2016-2018 წლებში საქართველოს ორი მოქალაქე, გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების დროს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებს ემსხვერპლა. ორივე შემთხვევა იმ გამშვებ პუნქტებზე მოხდა, რომლებსაც სრულად აკონტროლებენ რესეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. მაშასადამე, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევაზე პირდაპირი პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა.
საოკუპაციო ხაზებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების რეალიზების მიზნით სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს: 1. შემუშავდეს კონფლიქტით დაზარალებული თემების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროგრამები; 2. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ და მათზე რუსეთის კონტროლის გაძლიერებამ გააუარესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი, გავრცელებულია ნეპოტიზმი და კორუფცია, მოსახლეობა სრულად დაუცველია ავტორიტარული მმართველობის წინაშე და აზრის თავისუფლად გამოხატვა „სამშობლოს ღალატს“ უტოლდება. მუდმივ წნეხს განიცდიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მათი წევრები.
ეთნიკური ნიშნით ავიწროებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას; უზღუდავენ მათ გადაადგილების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, აუკრძალეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ირღვევა საკუთრების უფლება, მოუწესრიგებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხი და სხვა.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმე, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველმა არა ერთი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი დევნა, სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ეთნიკური ნიშნით დევნად უნდა შეფასდეს. სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებლად მიაჩნია:
• გამოიყოს დამატებითი სახსრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის, ასევე, სამედიცინო და აკადემიური პერსონალის დასახმარებლად; შეიქმნას სასტიპენდიო ან სხვა ფინანსურად წამახალისებელი პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისათვის
• „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აღდგეს ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პაციენტთათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირები კი არ უნდა აწყდებოდნენ პრობლემებს რეფერალური პროგრამით სარგებლობისას
• შეიქმნას სოციალური დახმარების მექანიზმი, რომელიც გათვლილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა ხანდაზმულ პირებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და აშ.
პოლიტიკური ნების ქონის შემთხვევაში შესაძლებელია დარღვეული უფლებების აღდგენა. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად, დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შეცვლისა და ომის ჭრილობების მოსაშუშებლად.

 

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების მორიგ ტალღას აანონსებს
შემდეგი სტატიაჩვენ გავივლით ერთ კილომეტრსაც-იმ კილომტრებსაც რომლიც გვაშორებს სოხუმამდე და საქართველო იქნება ერთიანი