2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის ახალი არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ

2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის ახალი არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ განაცხადა, რომელზეც კომიტეტმა კენჭისყრა გადადო.

ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო.

„ტერმინი „დანაშაულებრივი რეჟიმი“ ​პრობლემა არ არის. პოზიცია ნათელი რომ იყოს, 2004-2012 წლების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჩვენთვის არ არის არც სირთულე და არც ახალი. ეს უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ. მათ შორის იმ დადგენილებით, რაც 2016 წელს მივიღეთ და ახლაც ვიმეორებ იმას, რაც იქ წერია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ძალადობრივი, სასტიკი და დანაშაულებრივი იყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო.

„რეზოლუციის მოთხოვნაში დასაზუსტებელია, რომ სამართლებრივად იურიდიულ კომიტეტს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდეს. მოთხოვნა სამართლებრივად სწორი უნდა იყოს. შეფასების ნაწილში პრობლემა არ არის. პრობლემა ის არის, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, კონკრეტული სახელი და გვარი ჩაწეროს, რომლის დასჯასაც სამართლებრივი ორგანოების მხრიდან ითხოვს. ეს აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რადგან საქმეები ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულია“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, გამოძიების წარმართვის, დასრულებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენის მოთხოვნის უფლება პარლამენტს აქვს, მაგრამ კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნის უფლება არა.

„ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გვეუბნება, რომ ეს მართლმსაჯულების საქმეა. სამართლებრივად რეზოლუციის მოთხოვნების დახვეწა საჭიროა. ფორმულირებები გასამართია. ამის შემდეგ კომიტეტს კენჭისყრა შეუძლია ჩაატაროს და პოზიციები გამოჩნდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო.

banner
წინა სტატიაშიჭადრაკის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მოსახლეობას ხვდება