20 წლიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – შსს ბახალასთვის წარდგენილ ბრალზე

გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარედგინა – ამის შესახებ განცხადება, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

შსს-ის ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ქორიძე გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას შეუთანხმდა, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს მტკიცებით, გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამცველებმა ხულორდავას ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოიღეს.

„მიმდინარე წლის 2 აპრილს გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები,”-განაცხადეს უწყებაში.

მამუკა ჭელიძის თქმით, საქმეში არსებობს ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.

“ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, წარედგინა ახალი ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს კი, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით,“ – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

banner
წინა სტატიაშისეთურიძე: უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო
შემდეგი სტატიანადირაშვილი: სეთურიძე იყო „ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი“