20 წელზე მეტი შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი, ვეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება იმერეთს მოვახმარო

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე ამბობს, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი პირველი ამოცანა ადგილობრივ მმართველობასა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია იქნება.

როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში დაგროვილ გამოცდილებას იმერეთის რეგიონს მოახმარს.

„20 წელზე მეტი შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ვფიქრობ, ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვდა. ვეცდები, მთელი ეს გამოცდილება ჩემს რეგიონს – იმერეთს მოვახმარო. აღნიშნული რეგიონი უცხო არ არის ჩემთვის, იმერეთიდან ვარ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იქ ვმუშაობდი“, – განაცხადა ტაბატაძემ.

მისი თქმით, დეტალურად შეისწავლის რეგიონის ყველა პრობლემას, გაიწერება პრიორიტეტები და დაიწყება მათი აღსრულება.

„პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება კომუნიკაცია ადგილობრივ მმართველობასთან, რაც მთავარია, მოსახლეობასთან. გავეცნობი ყველა პრობლემატურ საკითხს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გავწერთ პრიორიტეტებს და შევეცდებით ამის აღსრულებას“, – განაცხადა გუბერნატორმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი თქმით, ის გაეცნობა არსებული გუნდის შესაძლებლობებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

შალვა ტაბატაძის თქმით, მთავარია ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

„მნიშვნელობა არ აქვს შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით, თუ სამოქალაქო სექტორში, მთავარია, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და მთელს ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ, რომ ეს წაადგეს იმერეთს და ვფიქრობ, ამას მივაღწევ“, – განაცხადა შავლეგ ტაბატაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები დღეს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე გაიმართება მსჯელობა
შემდეგი სტატია,, ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს კარგად ვიცნობ”