20 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში თავისი რჩევებით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია

„20 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია თავისი რჩევებითა და მხარდაჭერით რეფორმების განხორციელებაში და იმ ტრანსფორმაციაში, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ამერიკის სავაჭრო პალატის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავ მიღებაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატის საქმიანობა ძალზედ მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი შედეგი გვექნება. მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატა ეს არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს შეუძლია ხმა მიაწვდინოს მთავრობას, თუ რა არის შესაცვლელი და გასაკეთებელი.

„მივესალმები ამერიკის სავაჭრო პალატის საქმიანობას საქართველოში. პალატის როლი ნამდვილად ფასდაუდებელია საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორების მოზიდვაში“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ .

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შემდეგი ნაბიჯი სწორედ ამ შეთანხმების გაფორმება იქნება.

საქარტველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას 20 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი, ასევე აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როსს უილსონი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისულხან სალაძე – საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივზე
შემდეგი სტატიანატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას