20 ოქტომბერს ქარელში ქართული ოცნების დეპუტატი გაიტაცეს

ქარელის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ზურაბ ახმედოვი 20 ოქტომბერს სამმა შეიარაღებულმა პირმა, საკუთარი მანქანით გაიტაცა. შემთხვევა სოფელ ლეთეთში, დღისით მოხდა. დეპუტატმა თავს გაქცევით უშველა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახმედოვმა კუთვნილი მანქანის დაბრუნება საქმეში ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევის შემდეგ მოახერხა. მოლაპარაკებების შემდეგ გამტაცებლებმა მანქანა სოფელ ხცისთან დატოვეს. დეპუტატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

რა გახდა დეპუტატის გატაცების მიზეზი უცნობია. მომხდარს ქარელში ახმედოვის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებს ფულის გამოძალვა სურდათ. ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატი ქარელში რამდენიმე მაღაზიას, ავტოსამრეცხაოებს, ასევე სოფელ ლეთეთში ფერმას ფლობს.

დეპუტატის გატაცების შესახებ ინფორმაციას ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეც ადასტურებს. ივანე არდემანაშვილის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები თავად დაზარალებულმა დეპუტატმა უამბო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცება არ დასტურდება. ყაჩაღობისთვის კი ერთი პირია დაკავებული.

წყარო: ფორმულა

banner
წინა სტატიაში“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი facebook-ზე ზუგდიდის ბანკში გადაღებულ მორიგ ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიაკვარაცხელია ყაჩაღზე: მითხრა, აუ, დაგერხა ამათ ხელშიო