20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებული პირის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, დაზარალებულის შრომისუნარიანობის შემცირების გამო, შსს-ს ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდაც მოუწევს (2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე).
“ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები,” – აცხადებს საია.