პარტია გახარია საქართველოსთვის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიას გადადგომამდე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2024 წელს გახარიას წინააღმდეგ გაცხადებული საჯარო მუქარის დაუშვებლად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















