20 ივნისის აქციის მონაწილემ ქუცნაშვილს რუსეთის მონა უწოდა, ქუცნაშვილის ცოლმა მას დაარტყა

20 ივნისის აქციის მონაწილემ ქუცნაშვილს რუსეთის მონა უწოდა, ქუცნაშვილის ცოლმა მას დაარტყა

შემთხვევა გონიოში მოხდა, სადაც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად ისვენებს.

“სიცხვილიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა, სოფო კუჭავამ “მთავარს” უთხრა, რომ ირაკლი არეშიძეს სანაპიროზე ქუცნაშვილი ცოლთან ერთად შეხვდა და სწორედ აქ უწოდა მას გავრილოვის ღამის დამნაშავე და რუსეთის მონა, რამაც ქუცნაშვილის ცოლის გაღიზიანება გამოიწვია.

“დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ირაკლი არეშიძემ, რომელიც არის გავრილოვის ღამის, 20 ივნისის აქციის და შემდგომი აქციების მონაწილე. ის იმყოფებოდა გონიოში. სანაპიროზე მას შეხვდა ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად. როგორც ერთ-ერთმა გაბრაზებულმა მოქალაქემ ქუცნაშვილს უთხრა, რომ ის გავრილოვის ღამის ერთ-ერთი დამნაშავეა და არის რუსეთის მონა – ასეთი ფრაზა მიაძახა. ეს ვერ მოითმინა ქუცნაშვილის ცოლმა და დაესხა თავს მოქალაქეს.

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ გაბრაზებული მოქალაქეები არიან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან, არა მარტო თბილისში. ეს გაბრაზებული მოქალაქეები იმათზე, ვიზეც არიან გაბრაზებულები, ვინც არიან გავრილოვის ღამის უშუალო დამნაშავეები, მათზე, რა თქმა უნდა, რომ სიტყვით მაინც ეცდებიან უთხრან თავიანთი პროტესტის შესახებ. მათ აქვთ თმენის ვალდებულება. რადგან მან აიღო პასუხისმგებლობა და იცის, რომ არის დამნაშავე, კეთილი ინებოს და მოუსმინოს გაბრაზებულ მოქალაქეს, რომელიც თავის სამართლიან პროტესტს გამოხატავს”, -ამბობს კუჭავა.

ირაკლი არეშიძე პოლიციის გონიოს სამმართველოში იკითხება.

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად 3 სექტემბერს შეუწყდა.

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საჯაროდ განცხადება 21 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ და ქუცნაშვილმა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფაქტმა, რომ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს იკავებდა, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ განთავსებულები.

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა. ირაკლი კობახიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა თანამდებობები ამის შემდეგ დატოვეს. აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა და 75 დღის განმავლობაში, არ შეწყვეტილა. 20 ივნისს აქციის დარბევიდან 76-ე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

მოქალაქეთა პროტესტი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონებში გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება.

banner
წინა სტატიაშითბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიავანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს