20 ივლისიდან საქართველოში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ იწყებს ფუნქციონირებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი სსიპ-ის მიზანი ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და ქართული ავთენტური პროდუქტების საერთაშორისო პოპულარიზაციაა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობის და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ტრადიციებს, ცოდნას და უნიკალურ გასტრონომიულ პრაქტიკებს, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ გაზრდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები კი, საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია ისეთი გამორჩეული სასურსათო პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სიმდიდრეს. ამასთანავე, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია დაახლოებით 8 000 წელს ითვლის, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.















