2 კვირაში სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე დადგება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამომრჩეველმა ამაზე უნდა იფიქროს

64195440საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მიმართვის ადრესატები სწორად შერჩეული არ იყო, – განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა გადაცემა 2030-ში.

„პირველ რიგში – პრეზიდენტი, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი პროცესებში ნეიტრალური არბიტრის როლს უნდა თამაშობდეს და დაძაბულობის კერების განეიტრალებას უნდა უწყობდეს ხელს. ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი ერთ ჯგუფს მოუწოდებდა, ხმა მეორე ჯგუფისთვის მიეცათ, ამით პროცესში არასწორად ჩაერთვებოდა“, – განაცხადა დევდარიანმა.

მისი თქმით, ჩვენი ტიპის ახალ დემოკრატიაში, ნებისმიერი პარტიის პირობებში, საკონსტიტუციო უმრავლესობა გარკვეული რისკების შემცველია.

„ჩვენ ამ რისკების შესახებ უნდა ვისაუბროთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ეს დისკუსია არჩევნების შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ, რადგან პოლიტიკური სუბიექტების გარდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველ გუნდს სამოქალაქო საზოგადოება და მედიაც უნდა აკონტროლებდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენ ვნახეთ რეალობა, როცა ყველას აზრი უგულებელყოფილი იყო, უბრალოდ, არავინ არ გხვდებოდა, არ გისმენდა, არ გკითხულობდა და მედიაც არ გაშუქებდა“, – განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებმა ის არჩევანი უნდა გააკეთონ, რაც მათ სურთ და მათზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს.

„2 კვირაში სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე დადგება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს და ამომრჩეველმა ამაზე უნდა იფიქროს. ამომრჩეველმა საკონსტიტუციო უმრავლესობის რისკები უნდა გააანალიზოს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელიც თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტებაა, 5 ნომერი თვალდახუჭულმა შემოხაზოს, მაგრამ იქ, სადაც ორ კანდიდატს შორის ჩამოყალიბებული არ არის, ამ მერყევი პოზიციის შემთხვევაში ეს არგუმენტიც გაითვალისწინოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე არსებობს, რომელიც ჩემი აზრით, ნამდვილად საფრთხეა“, – განაცხადა დევდარიანმა.

მისი თქმით, მეორე ტურამდე, მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებების გაკეთება ზედმეტი იყო.

„განსაკუთრებით, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხება. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამდე, ასეთი განცხადებების გაკეთებამ შესაძლოა, ამომრჩველთა ნაწილი დააფრთხოს ისევე, როგორც მე შემაშინა“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურს გამორიცხავს და საერთაშორისო ურთიერთობებში მოსინჯავს ძალას
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ნამდვილად არ არის