1993 წლის 27 სექტემბერი – საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
ამ დღეს სოხუმის ოკუპაცია მოხდა.
სოხუმის დაცემით ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის გადამწყვეტი ბრძოლა დასრულდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
გააფრთებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, თუმცა მასიურ შეტევას ქართულმა ნაწილებმა სუსტი შეიარაღებით ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
სოხუმის აღების შემდეგ ქალაქში შესულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს.
აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და ასევე ადგილობრივი მთავრობის წევრი რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენელი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.
ზუსტად 31 წლის წინ, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი, სადაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ.
მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი – ქართველებზე გამარჯვების დღე.