1993 წლის 2 ივლისი დილის 5.00 საათი-მე ვიცავ ჩემს სამშობლოს!!!

Abkhazian_war24 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიში და მისი მომიჯნავე სოფლები, სისხლისმღვრელი ბრძოლების მომსწრე გახდა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ ზღვიდან გადმოსხმულ, რუსეთის მიერ მართულ დესანტს.

დუშეთის ბატალიონმა, ”მხედრიონმა”, ”ავაზამ”, შავნაბადის ბატალიონმა თუ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც ტამიშის დესანტის მოსაგერიებლად სამთავრობო შენაერთებთან ერთად იბრძოდა, 10-მდე უმძიმესი, სისხლისმღვრელი დღე გადაიტანა. ყველაფერი 2 ივლისს დაიწყო.

2 ივლისი უმძიმესი დღე იყო ქართველი მებრძოლებისთვის. 1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადა. დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. თავად აფხაზები ტამიშის დესანტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლიან. ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, ამით რამდენიმე დღე გზა ჩაკეტეს სოხუმისკენ. მთავარი დარტყმა სოხუმზე მოხდა. შეუტიეს სოფელ შრომას, ეს სოფელი სოხუმს თავზე გადმოჰყურებს.

მაშინ ქართველი სამხედროები გმირობის მაგალითს იძლეოდნენ და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც, ძირითადად, რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი. ამ ბრძოლაში შავნაბადის ბატალიონის ერთ-ერთ განშტოებას – ”პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეულ ბატალიონს” – იმხანად 25 წლის გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობდა და თავადაც იყო ჩართული ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგეებს სამი ტანკიც აუფეთქეს და საგრძნობი დანაკარგიც აგემა. თუმცა, როგორც თავად თავდგირიძე აღნიშნავს, ტამიშის ბრძოლების მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართულმა მხარემ სათავისოდ ვეღარ გამოიყენა. სახელდება ძირითადი მიზეზიც:

აფხაზეთის ომი
აფხაზეთის ომი

 

”მთავარი პრობლემა იყო ის, რომ შეიარაღებული ძალების უკან არ იდგა სახელმწიფო და სახელმწიფო პოლიტიკა – არ ხდებოდა შევსება დანაკარგების. თითქმის ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ, ქვედანაყოფები იცლებოდა სისხლისგან და შევსებას ვერ იღებდნენ. აქედან გამომდინარე, თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატება ვერ ტრანსფორმირდებოდა გარკვეულ ოპერატიულ წარმატებაში”.

სამწუხაროდ, არც ერთი გამარჯვება არ აღმოჩნდა საკმარისი არასტრატეგიული და არათანმიმდევრული ქართული საომარი პოლიტიკისთვის, რომელმაც მხოლოდ მსხვერპლი გამოიღო ორივე მხარეს და საბოლოოდ, სეპარატისტების მიზნების განხორციელების შედეგის დადგომა ვერ აიცილა თავიდან.

დღეს, ორ ივლისს, 24 წელი შესრულდება  ტამიშის ბრძოლებიდან-მე ვიცავ ჩემს სამშობლოს!!!

banner
წინა სტატიაშიშეიძლება, მეფიქრა, მამაო ხომ არის გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ და პროვოკაცია იგეგმება ჩემთან დაკავშირებით – ირაკლი მამალაძე
შემდეგი სტატია1000 მეტრიანი დროშით და 7 კილომეტრიანი კოლონით, ერდოღანის ოპოზიცია სტამბულში შედის