1992 წელს, როცა გავიგე, რომ ქართველები აფხაზეთში შეიჭრნენ, მაშინვე იქეთკენ გავეშურე

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ჩინეთში ფოტოები დე ფაქტო აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან სონერ გოგუასთან ერთად გადაიღო. მისი თქმით, გოგუა ჩინეთში რუსეთს წარმოადგენდა, ხოლო მისი ვინაობა მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგო.

საგანელიძის თქმით, ის არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ ღონისძიებაში, სადაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა იქნება წარმოდგენილი. ასევე ამბობს, რომ მზადაა ხელი ჩამოართვას და ესაუბროს ნებისმიერ, აფხაზი ან ოსი წარმომავლობის პირს, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტში:
“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც როგორც აღმოჩნდა იყო სენერ გოგუა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორების მიერ გადაღებულ ფოტოზეა წარმოდგენილი.
ჩემთან გადაღებულ ფოტოზე არსებული პირის ვინაობა სწორედ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. აღნიშნული ფოტო ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების დათვალიერების დროს ორგანიზატორი მხარის მიერ არის გადაღებული და შესაძლოა სამახსოვრო ფოტოებზე ჩემს გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენელიდან ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში. ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო.
აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო,”- ნათქვამია დავით საგანელიძის განცხადებაში.

ინტერვიუში, რომელიც “სპუტნიკმა” 2014 წელს გამოაქვეყნა (მაშინ გოგუა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იყო, – რედ.), სონერ გოგუა აფხაზეთთან კავშირზე ჰყვება, თუმცა, არსად არაფერს ამბობს რუსეთთან კავშირებზე. რუსეთთან მისი რაიმე სახის კავშირი არაა მითითებული არც ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიულ მონაცემებში.
“ჩემს ისტორიულ სამშობლოში პირველად 1992 წელს ჩავედი და არც აფხაზური ვიცოდი, არც რუსული, თითო სიტყვაც კი. მაგრამ მთავარი ხომ მონდომებაა და ახლა მე თავისუფლად ვსაუბრობ ჩემს მშობლიურ ენაზე”, – ამბობდა სონერ გოგუა.
“1992 წელს, როცა გავიგე, რომ ქართველები აფხაზეთში შეიჭრნენ, მაშინვე იქეთკენ გავეშურე. მე მოხალისედ ვიბრძოდი თურქებთან, ადიღეელებთან, ყაბარდო-ბალყარელებთან ერთად. ჩვენმა რაზმმა უამრავ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის დამოუკიდებლობა დავიცავით”, – ჰყვება სონერ გოგუა “სპუტნიკთან”.

წყარო: allmedia

banner
წინა სტატიაში“ეს ყველაფერი ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს”- EPP-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ